ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩევლის ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება
საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ მათი მანდატები უკვე აღიარებულია. აქედან გამომდინარე, ეს ის კოლიზიაა, რაზეც შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება გააკეთოს და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს, რას იტყვის, უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„კონსტიტუციაში ორმაგი ჩანაწერია, ერთი მხრივ, ადამიანს უფლება აქვს, რომ მანდატი დატოვოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩანაწერია, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა დადგენილებით ძალაში უნდა შეიტანოს. ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კითხვა იმის თაობაზე, რამდენად სწორია, პარლამენტმა უფლებამოსულება რომ არ შეუწყვიტათ, გეტყვით, რომ ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.
დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.