ირაკლი ქადაგიშვილი - აფხაზეთის ცალკე მოხსენიება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც რეზოლუციის ავტორებს, შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით
აფხაზეთის ცალკე მოხსენიება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის ავტორებს, შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
ქადაგიშვილის თქმით, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური სპეკულაციის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან.
„ვხედავთ, რომ უსაზღვრო სპეკულაციას აქვს ადგილი. ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური სპეკულაციის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან და განმარტებასთან, რატომ არის არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა დამღუპველი. აფხაზეთის ცალკე მოხსენიება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ამ რეზოლუციის ავტორებს, შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.