ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა
ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომების ეტაპი დასრულდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყება.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომელიც ეხებოდა საქმის შეწყვეტას მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ასევე ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოდან იმ მტკიცებულების გამოთხოვას, რომელიც სხვა საქმეში დევს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს, რადგან ერათადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც ოქრუაშვილზე საუბრობს, ყოფილი სამართალდამცველია, რომელმაც საკუთარი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ასევე ადვოკატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია, რაც საქმის შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველია.

თუმცა ბრალდების მხარე ადვოკატის საპასუხოდ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხანდაზმულობის საკითხს განსაზღვრავს 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატების ეს შუამდგომლობა არარელევანტურია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმის პროკურორის თქმით, საქმეზე წარმოდგენილია ადგილზე მყოფი პირების ჩვენებები, ასევე ყოფილი სამართალდამცველების ჩვენებები, რომელიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას.

საქმეზე არსებითი განხილვა 26 მარტს 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ირაკლი ოქრუაშვილი არც დღევანდელ სხდომას დასწრებია, ზურაბ ადეიშვილი კი, ძებნილად არის გამოცხადებული.