ირაკლი ოქრუაშვილი - ხალვაში იყო ხელის ბიჭი, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი
ხალვაში იყო ხელის ბიჭი, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდა.
„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით. დამთავრებულია, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ არხის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს და განაცხადა, რომ რამდენიმე ჟურნალისტს წილს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ.
„თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ დილას განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, 10 დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ერთი რამე, რომ ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წამებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს.
ვაპირებ, ხვალ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80 პროცენტი, პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერების დაბრუნებისთვის. ყველა ჟურნალისტს სათითაოდ ხვალ ჩამოგითვლით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.
ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტს დოკუმენტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს.