ირაკლი ოქრუაშვილი - დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ ერთობაში შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება.
თუმცა, მისივე განმარტებით, კოალიციას „ოცნებასთან“ არ შექმნიან.
„ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა, მაგრამ არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ამაზე საუბარი ცოტა ადრეა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის გარანტია, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“, ოქრუაშვილი ასე პასუხობს:
„გარანტია არის საზოგადოების მზაობა და მოლოდინი, რომ შემდგომ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, არ აპატიებს ვალდებულებების დარღვევას. ვფიქრობ, იმ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებს, მასთან რაიმე ტიპის დოკუმენტის გაფორმება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან შეუძლებელია, ისევე როგორც ამ ყველაფრის მიმართ გაცილებით მობილიზებულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, თუ „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე უარს იტყვით, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას.
„ამას არ გამოვრიცხავ და თავისთავად, პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით მეტად გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა
გარდა ამისა, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თუ საუბარია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაფორმებული შეთანხმების დარღვევაზე, შეთანხმება მასთან მიმართებაში დაირღვა.
„თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა „ლეიბორისტების“ ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად, ჩემი გადასახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ხომ არ იქნებოდა გამოსწორება ის, რომ თაკო ჩარკვიანმა უარი თქვას კანდიდატურაზე?“, – აღნიშნულ კითხვაზე კი ოქრუაშვილი ასე პასუხობს: „არა, შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ. ძალიან ბევრი ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ. მე ამას პრობლემად არ ვთვლი გიორგი ვაშაძის მიმართ, მაგრამ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია მის მიმართ, ამ პრეტენზიას გარკვეული საფუძველიც აქვს“.