ირაკლი მეზურნიშვილი - უზბეკეთთან პირდაპირი რეისები გვაქვს და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იგეგმება რეისების რაოდენობის გაზრდა, ეს ტურიზმის განვითარებას წაახალისებს
უზბეკეთი თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით ძალიან არის დაინტერესებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი რეისები უზბეკეთთან, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იგეგმება რეისების რაოდენობის გაზრდა, რაც ტურიზმის განვითარებას წაახალისებს, – ამის შესახებ უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უზბეკეთის დედაქალაქში, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, დავსახეთ სამომავლო მიზნები. ჩვენ ვაგრძელებთ კარგ ურთიერთობას უზბეკეთთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.