ირაკლი მეზურნიშვილი - საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან უმაღლეს დონეზეა და ამას ადასტურებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა პოზიცია
საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს უმაღლეს დონეზეა და ამას ადასტურებს ოფიციალური სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.
მეზურნიშვილის თქმით, რეალური ფაქტებისა და გამოგონილი ამბების ანალიზი ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.
„რეალური ფაქტები არის, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აშშ-სთან, შეიძლება ითქვას, უმაღლეს დონეზეა და ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა ის პოზიცია, რაც აქვს ოფიციალურ სახელმწიფო დეპარტამენტს და ფაქტები, რაც არის ჩვენს ურთიერთობაში. რა არის ეს ფაქტები: პირველ რიგში, უსაფრთხოების ნაწილში ჩარჩო ხელშეკრულება გავაფორმეთ აშშ-სთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსური მხარდაჭერა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში 100 მლნ-დან 132 მლნ დოლარამდეა გაზრდილი საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. არც ერთ იმ ქვეყანასთან, რომლის ხელისუფლებაც მისთვის მიუღებელია ან ვერ აქვს ურთიერთობა, აშშ ასეთ ნაბიჯებს არ დგამს. ეს არის ძალიან ცალსახა. ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ყველა მიმართულება და ნაბიჯი, რაც გადადგმულია ორი ქვეყნის ურთიერთობაში უმაღლეს ნიშნულზეა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„რაც შეეხება „ფრონტერას“ ქეისს, აბსოლუტურად არაობიექტური შეფასება ჰქონდა კონკრეტული კონგრესმენების მხრიდან. არ ვიცი, რა არის ამის დაინტერესება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტები, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, დავა, ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება აშშ-შიც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანალიზი ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არის მოყვანილი წერილში. ეს არის უზუსტობა, არ შეესაბამება სიმართლეს. როდესაც რაღაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმას ავტომატურად ვერ მოჰყვება რეაქცია“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მეზურნიშვილი ამბობს, ყველაფერი გაკეთდება, რომ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ კონგრესმენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე მათ, კონკრეტულ კონგრესმენებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ეს ინფორმაცია მიიღონ და ობიექტურად შეაფასონ, რადგან არ შეიძლება ასეთი უზუსტობების, გზავნილების გაკეთება. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები და ასეთი წერილები ჩვენს ურთიერთობას წინ ვერ წაწევს, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, მსგავსი რამ არ ყოფილა, პირიქით, ყოველთვის არის ძალიან დიდ მხარდაჭერა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.