ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს
ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის,  ლორა თორნტონის საჯარო კომენტარს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს.

ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან ამ განცხადებისთვის საჯარო ბოდიშს ითხოვს.

ამ თემაზე დეპუტატმა დღეს ბრიფინგი გამართა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზეც კი შეუძლებელია.

„მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლორა თორნტონის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს. ქალბატონი თორნტონის ამ „მტკიცებით“, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას, მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, არც კი იცის სად არის ეს საზღვრები?! სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზეც კი შეუძლებელია“, – აღნიშნა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მით უმეტეს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიც NDI -ია.

„ქალბატონ თორნტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ – ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესების იცავდნენ. ჩვენი ასეთი მეგობრები დღევანდელ სენატსა თუ წარმომადგენლობით პალატაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მრავლად არიან“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიპი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით მტრული ნარატივის დამკვიდრების ხელშეწყობა.

„ნარტივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.