ირაკლი მეზურნიშვილი - მამუკა ხაზარაძეს საქმის გამოძიების სურვილი თუ აქვს, უნდა ითანამშრომლოს პროკურატურასთან 
ირაკლი მეზურნიშვილი - მამუკა ხაზარაძეს საქმის გამოძიების სურვილი თუ აქვს, უნდა ითანამშრომლოს პროკურატურასთან 

არ ვიცი, რა გააგზავნა ბატონმა მამუკამ ლონდონში, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, რომ არასერიოზული კამპანია წერილთან დაკავშირებით გრძელდება და უკვე აბსურდამდე მიდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა „თიბისი ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა გასარკვევია, ვინ გადასცა მამუკა ხაზარაძეს წერილი

„ზოგადად, ჩემთვის გაუგებარია, ​„არტარეა” რა შუაშია და რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ეს არხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. არც ის მესმის, რა გავლენა აქვს მამუკა ხაზარაძეს „ტვ პირველთან.” მე როგორც ვიცი, ეს არხი ბატონ წერეთელს ეკუთვნის და ხაზარაძესთან კავშირში არ აქვს. უფრო მეტი კითხვა ისმის და თუ სურვილი აქვს ბატონ მამუკას, რომ ეს საქმე გამოიძიონ, პირველ რიგში მან უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ის ამას არ აკეთებს, რადგან არ ასახელებს იმ შუამავალს, ვინც მას წერილი გადასცა. მე ვეთანხმები შს მინისტრს, რომ ეს არის იაფასსიანი კამპანია, რომელმაც უნდა შეიძინოს იმუნიტეტი, მეტი აჟიოტაჟი გამოიწვიოს და ყურადღების ცენტრში მოექცეს წერილი, რადგან როგორც ჩანს, გამოძიება აქტიურ ფაზაშია ტრანზაქციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ვინ გადასცა წერილი ხაზარაძეს. ჩემთვის წარმოუდგენელია,უბრალოდ როგორ უნდა დადგინდეს, კომპიუტერიდან ​პრინტერით ამობეჭდილი წერილის ავთენტურობა,”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.