ირაკლი მექვაბიშვილი - ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტით დაფინანსების პრეცედენტები არის
ირაკლი მექვაბიშვილი - ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტით დაფინანსების პრეცედენტები არის

საქართველოში პოლიტიკაში კრიპტოვალუტით დაფინანსების პრეცედენტები არის, თუმცა, რადგან კრიპტოვალუტების თემა გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, დიდი ყურადღებაა საჭირო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ გახსნა.

მისი თქმით, კრიპტოვალუტით დაფინანსების საკითხი კონფერენციის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პრეცედენტები არის და ზუსტად ამიტომ, ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ დღის წესრიგში. საერთოდ, კრიპტოვალუტების თემა ზოგადად, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ამ კუთხით, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს“, – განუცხადა მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე – არის თუ არა კრიპტოვალუტით დაფინანსების შემთხვევები საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე – „ფული პოლიტიკაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.