ირაკლი ლექვინაძე - ვფიქრობ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით საბანკო რეგულაციების მეტი შერბილებაა საჭირო 
ირაკლი ლექვინაძე - ვფიქრობ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით საბანკო რეგულაციების მეტი შერბილებაა საჭირო 

საბანკო რეგულაციებმა ძირითადი გავლენა ორ მთავარ სექტორზე იქონია – სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციების შერბილების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ლარში გაცემულ სესხებსა და თანამონაწილეობის შემთხვევაში, გარკვეული კრიტერიუმების შერბილებას ეხება, თუმცა ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს სურათს გლობალურად არ ცვლის.

„ვფიქრობთ, მეტი კონსულტაციის შედეგად, მეტი შერბილებაა ამ კუთხით საჭირო, როგორც მშენებლობის მიმართულებით, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით, რადგან განსაკუთრებით რეგიონებში და განსაკუთრებით საშუალო ზომის კომპანიებში აღნიშნულ რეგულაციებს აქვს უფრო მნიშვნელოვანი გავლენა“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ამასთან, ირაკლი ლექვინაძემ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების შესახებ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივაზე ისაუბრა. ნაცვლიშვილი ითხოვს,მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება და კანონით დაზუსტდეს დაზუსტდეს, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.

ლექვინაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა მოცემულ ეტაპზე ბიზნესისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

„შრომის კოდექსში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გააუარესებს დღეს დაწესებულ რედაქციას, ვფიქრობ, ბიზნესისთვის არის დამატებითი ტვირთი, ამიტომ სანამ მსგავსი ინიციატივა გაცხადდება, ან მსგავსი ტიპის ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება, აქტუალური და მნიშვნელოვანია ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მწვავე საკითხი“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

მისი თქმით, საკანონდებლო დონეზე აღნიშნული ჩანაწერი შეიძლება, ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯების გამომწვევი იყოს.

„ნებისმიერი კომპანია თვითონ ახორციელებს შიდა რეგულაციების საფუძველზე თანამშრომლებთან ურთიერთობას და წყვეტს როგორი ფორმით, როგორი ანაზღაურებით განახორციელოს თანამშრომლებთან ურთიერთობა. ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე ამის ასახვა აუცილებელია არ არის“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.