ირაკლი ლექვინაძე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კონფერენცია ეხმაურება კონკურენციის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5 დეკემბერს აღინიშნება. კონფერენციის მიზანია, საზოგადოებასთან ერთად განიხილოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროში მიღწეული შედეგები და გამოწვევები, – ამის შესახებ GCCA-ს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2-დღიანი კონფერენცია 350-მდე დელეგატს, 50-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს და წარმომადგენლობითი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მაღალი დონის სტუმრებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„კონფერენციის ფარგლებში გაიმართება 10 პანელი, მათ შორის ერთი სპეციალური პანელი, რომელიც შეეხება ჯანდაცვის სფეროში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებას და მასში მონაწილეობას მიიღებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობენ დელეგაციები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, უზბეკეთიდან, კატარიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინიდან და აზერბაიჯანიდან.
GCCA-ს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილე უცხოელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ტერესა მორეირამ.
საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და მასში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების – World Bank-ის, UNCTAD-ის, OECD-ის, ICN-ის, ICPEN-ისა და Consumers International-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 – საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი. მსჯელობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საჯარო უწყებების, აკადემიური წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიება კონკურენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მასშტაბური აქტივობაა. კონკურენციის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 5 დეკემბერს აღნიშნავს და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აღნიშნულ თარიღს, მე-5 წელია, აქტიური ღონისძიებებით უერთდება.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ავრცელებს.