ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესახებ სადისკუსიო საკითხების გადასაწყვეტად კონსულტაციებს ვაგრძელებთ
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად დღეს „ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილა.
ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და დაფუძნებულია ევროდირექტივაზე, რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.
ახალი რეგულაციის შესახებ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესსექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია, თუმცა ბიზნესომბუდმსენის ინფორმაციით, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის რიგი სადუსკუსიო საკითხები.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუისიო საკითხების გადასაწყვეტად“- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბიზნესთან ერთად „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მომზადდა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახულია და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია.
მთავრობის მიერ ბიზნესომბუდსმენის დასკვნის გათვალისწინების შედეგად რეგლამენტის ამოქმედების ვადების კორექტირება მოხდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა სრულად იქნა გათვალისწინებული მონიტორიან მოწყობილობებთან დასაქმებული პირის დამსაქმებლის მიერ სამედიცინო შემოწმებების წესთან დაკავშირებით და შედეგად, დამსაქმებელმა თანამშრომლის თვალისა და მხედველობის დაცვის მიზნით, მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მხედველობის შემოწმება.
ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღებულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400-მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად ოთხი კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა სამი. ამის მიუხედავად, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის სადისკუისო საკითხები, მათ შორის რეგლამენტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.
ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.
„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.