ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებელთა მომართვიანობა 50 პროცენტზე მეტითაა გაზრდილი, მათ მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, 2024 წელს 700-მდე განაცხადი განვიხილეთ
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ლექვინაძემ მიმოიხილა ბოლო ცხრა თვის სტატისტიკა, რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევა და რა გამოწვევებია ონლაინვაჭრობის კუთხით.
„2024 წელს მომხმარებელთა მხრიდან მომართვიანობა 50 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი. მომხმარებლებს შეუძლიათ, მოგვმართონ ონლაინ, ცხელი ხაზის საშუალებით ან უშუალოდ გამოაგზავნონ შესაბამისი განაცხადი სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ზრდა უკავშირდება იმას, რომ მომხმარებლებმა მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ, რადგანაც არაერთი საქმე გვაქვს, რომელიც წარმატებით დასრულდა.
რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკას, 2024 წელს განხილული გვაქვს 700-მდე განაცხადი, რომლითაც მოგვმართეს მომხმარებლებმა. 68 პროცენტი ეხება ონლაინვაჭრობას. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას. ასევე არის ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან უკან დაბრუნება, ნაკლიანი მომსახურების მიწოდება და საქონლის არასათანადო ვადებში მიწოდება. თვითონ სექტორებს რომ შევხედოთ, ძირითადად მოგვმართავენ საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ეს მაინც ეხება ტანსაცმლითა და ტექნიკით ვაჭრობას. ჩვენთან შემოსული საკითხები ძირითადად მთავრდება შეთანხმებით, რაც გულისხმობს, რომ საკითხის შესწავლა როცა იწყება, მოვაჭრე ხშირ შემთხვევაში გამოთქვამს სურვილს, არ გაგრძელდეს შესწავლა და მზად არის, მომხმარებელთან შეთანხმდეს ან დაუბრუნოს თანხა, აუნაზღაუროს, შეუცვალოს ან შეუკეთოს ნივთი, ასევე, გაასწოროს საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა. შარშანდელი მონაცემებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი გარიგებებით 500 000 ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს ჩვენმა მომხმარებლებმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
რაც შეეხება დარღვევებს, სააგენტოს თავმდჯომარის განცხადებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, მოვაჭრეების მხრიდან დარღვევები გაზრდილია და დარღვევების უმეტესობა მცირე და საშუალო კომპანიებზე მოდის.
„დარღვევები მიმდინარე წელს გაზრდილია. დამრღვევები ძირითადად არიან მცირე და საშუალო კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომლებიც ვაჭრობენ ონლაინ და ძირითადად სოციალურ ქსელებში. დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის მინიმალური მოცულობა არის 600 ლარი, მაქსიმუმი იწყება ბრუნვიდან გამომდინარე, 2 პროცენტამდე მაჩვენებლით. მიმდინარე წელს 70 000 ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული სხვადასხვა მოვაჭრისთვის“, – აღნიშნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ.