ირაკლი ლექვინაძე - მოკვლევა განხორციელდა ათი დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტზე, ვმუშაობთ არასასურსათო მიმართულებითაც, ძირითადი მოხმარების პროდუქტების გაძვირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ წინასწარი მოკვლევა ათი დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტზე განხორციელდა. მისივე თქმით, მოკვლევის მიზანი იყო იმის გამოვლენა, რა ფასნამატით მუშაობენ საბითუმო კომპანიები, რომლებიც დისტრიბუციას ახორციელებენ.
ლექვინაძის თქმით, ასევე მოკვლევა მიმდინარებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო მიმართულებით.
„სურსათის კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა წინასწარი მოკვლევა, მონიტორინგი ათი სტრატეგიული პროდუქტის, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებია და სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს. ესენია: ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ასევე ვერმიშელის პროდუქცია. გარდა ამისა, ათ პროდუქტზე ვმუშაობთ როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო მიმართულებით, რომლებსაც ჩვენს მოქალაქეებში ფართო მოხმარება აქვს. განვახორციელეთ იმპორტის წინასწარი შეფასება, რა ფასნამატით მუშაობენ საბითუმო კომპანიები, რომლებიც დისტრიბუციას ახორციელებენ. სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში ფასნამატი 50, 60, 70, 80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. თუ ამას დავამატებთ ასევე რითეილის ქსელში ფასნამატს, რომელიც ხშირ შემთხვევაში 20-35 პროცენტის ფარგლებშია, იმპორტის თვითღირებულებიდან მოქალაქემდე ძირითადი მოხმარების პროდუქტების გაძვირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, კვლევის პროცესში კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებები თუ გამოვლინდება, ამას სათანადო ნაბიჯები მოჰყვება.
„არის თუ არა დარღვევა, წინასწარ საუბარი არ შეიძლება. ეს არის წინასწარი შეფასება. ჩვენ ასევე გავეცანით ბაზრის მოცულობებს, მათ პროცენტულ წილებს და ამ მიმართულებით კვლევის პროცესში კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუთავსებელ რამე ქმედებას თუ დავინახავთ, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ფარგლებში შემდეგი ნაბიჯები გვექნება.
ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს კურსის გამყარება, დაახლოებით მარტის თვიდან დღემდე 25-% იანი გამყარებაა. რეალურად, გამყარების მაჩვენებელი იმპორტის თვითღირებულებაზე მოქმედებს, იმპორტი იაფდება, თუმცა გაიაფებული იმპორტი, შესაძლოა, საცალო ქსელში სათანადოდ არ იყოს ასახული და ზოგჯერ ფასები შეიძლება, გაზრდილიც კი იყოს, ვიდრე შემცირებული. ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩატარდა წინასწარი მოკვლევა. თუ ჩვენ ვნახავთ იმპორტის თვითღირებულებიდან მომხმარებლამდე მთელ ჯაჭვს და საბითუმო მიწოდების პროცენტულ ფასნამატებს დავამატებთ რითეილის ფასნამატს, ხშირ შემთხვევაში გამოდის 100 პროცენტი და ზოგჯერ 100 პროცენტზე მეტიც. ჯამში ვიღებთ ამ მაჩვენებელს. წინასწარი მოკვლევის მიზანია ფასნამატის ანალიზი როგორც საბითუმო, ისე რითეილის ნაწილში და დაახლოებით ეს ფასნამატები იქნა წარმოდგენილი ფართო მოხმარების პროდუქტებზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.