ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება და უფრო ეფექტიანი ხდება
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება და უფრო ეფექტიანი ხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით. აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, აღსრულების ნაწილი უფრო ეფექტური გახდება და უწყების ახალი ფუნქციებით აღჭურვა ხდება.

„დღეს კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი გამოწვევა არის ეფექტური კანონმდებლობა, ახალი ცვლილებების მიხედვით, ინფორმაციის გამოთხოვის მექნიზმები იხვეწება, საქმის მოკვლევის ვადები იზრდება, ადგილზე შემოწმების მექანიზმების გამართვა, იქნება საკანონმდებლო საფუძვლები ბაზრის სხვა მარეგულირებლთან კონკურენციის საკითხებზე თანამშრომლობის ნაწილში, იხვეწება კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სააგენტოს მართვის ინსტიტუციური მოწყობა, იქმნება ხუთ კაციანი მმართველობითი საბჭო, რომელსაც ხუთი წლის ვადით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი“, – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, მისი თქმით, ეს სააგენტოსთვის ახალი მიმართულება იქნება, რომლის მიზანია, დაიცვას ადგილობრივი ინდუსტრიები დემპინგური ექსპანსიისგან.

„სააგენტო მზაობას გამოთქვამს აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა და მათი მომზადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. სააგენტომ  სიღრმისეული კვლევები უნდა აწარმოოს და რეკომენდაციის სახით მთავრობას წარუდგინოს. მეორე მიმართულება არის დემპინგის თემის კარგად გააზრება ყველა ეკონომიკური აგენტის მხრიდან, რომ ყველა ტიპის საფასო უპირატესობა არ იყოს შეფასებული, როგორც დემპინგი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კანონპროექტში საკმაოდ დაბალანსებულია ადგილობრივი ინდუსტრიებისა და იმპორტიორების ინტერესები“, – აცხადებს ლექვინაძე.

მისივე შეფასებით ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში და ანტიდემპინგური კანონმდებლობა მომზადებულია ევროკავშირის ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. კანონპროექტებს გავლილი აქვს ბევრი განხილვის პლატფორმა დაინტერესებულ მხარეებთან.