ირაკლი ლექვინაძე - ხშირად რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობებს აცდენილია
ირაკლი ლექვინაძე - ხშირად რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობებს აცდენილია

ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგულაციები იმაზე მეტად არის დამძიმებული, ვიდრე ამას რეკომენდაცია ან დირექტივა გვკარნახობს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სტუმართან ერთად დღეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ბიზნესზე საბანკო რეგულაციებისა და ცვლილებების გავლენაზე ისაუბრეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, როგორც ბიზნესომბუდსმენის ოფისის 2018 წლის ანგარიშმა აჩვენა, ბიზნესს საქართველოში სამი ძირითად გამოწვევა აქვს: სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, რეგულაციების პროპორციულობა და ბიუროკრატია ადმინისტრაციული ორგანოების შუა რგოლში.

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდმენმა ხაზი გაუსვა ვადებთან, აღსრულებასთან და სპეციფიკური საკითხების ცოდნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„2018 წლის ანგარიშში სამ მნიშვნელოვან გამოწვევას გაესვა ხაზი: სასამართლო სისტემა, უფრო კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებული პრობლემა, გარკვეული სპეციფიკური საკითხების ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემა და რაც პირველ კვარტალში გამოიკვეთა, არსებობს რანდენიმე უწყებაში სასამართლოს სამი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც აღსრულების პრობლემაა“, – განმარტა ლექვინაძემ.

რაც შეეხება რეგულაციებს, ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში, რეგულაციები არაპროპორციულად მძიმე ტვირთს აკისრებს ბიზნესს.

„მეორე საკითხია რეგულაციების პროპორციულობა. ჩვენს ოფისს კარგად აქვს გააზრებული, რომ ძალიან ბევრი რეგულაცია ვალდებულებით გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ ძალიან ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც რეგულაციები იმაზე მეტადაა დამძიმებული, ვიდრე ამას რეკომენდაცია ან დირექტივა გვკარნახობს, აცდენილია ბიზნესის შესაძლებლობებს. ხშირად არის გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა, ასევე იმ ვადების პრობლემა, რომელშიც უნდა მოხდეს მათი იმპლემენტაცია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიუროკრატიული პრობლემების მიმართულებით კი, ბიზნესომბუდმენის შეფასებით, ყველაზე მტკივნეული საკითხი მოუქნელი შუა რგოლია.

„მესამე საკითხია ბიუროკრატიული მომენეტები სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყების შუა რგოლში. დღეს პირველი პირის დონეზე ყველა უწყება პრაქტიკულად გახსნილია, როდესაც მიიღება გარკვეული გადაწყვეტილები და მიდის შუა რგოლში, აქ ვაწყდებით პრობლემებს. ამის მაგალითად შემიძლია, მოგიყვანოთ პირველი კვარტლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც არსებობს სხვადასხვა უწყებაში გაგზავნილი წერილები, რომლებზეც პასუხი არ არის, ბუდოვანი პასუხია ან დაგვიანებული პასუხია. საბოლოო ჯამში, ეს მოუქნელობა გარკვეულწილად ქმნის იმ განწყობას, რაც ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს. ბიზნესს სჭირდება მხარადჭერა, რომ უფრო მეტად მქონილი იყოს ამ სტრუქტურებთან და ადმინისტრაციულ უწყებებთან ურთიერთობა“, – განმარტა ბიზნესომბუდსმენმა.