ირაკლი ლექვინაძე - ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება, დაახლოებით ლარის ფარგლებშია გაძვირებული, ამის მთავარი მიზეზი არის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები
ირაკლი ლექვინაძე - ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება, დაახლოებით ლარის ფარგლებშია გაძვირებული, ამის მთავარი მიზეზი არის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება, თუ შევადარებთ იმ მინიმუმს, რომელიც წლის დასაწყისში იყო, დაახლოებით ლარის ფარგლებშია საწვავი გაძვირებული. ამის მთავარი მიზეზი არის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, ჩვენ 100%-ით საწვავის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას.

„ეს არის დიდი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. თუ ფასს შევხედავთ, ბოლო თვეებია, 750 დოლარიდან 1000 დოლარს გადასცდა ფასი. ბრენდის ტიპის ნავთობზე ფასი 75 დოლარიდან 95 დოლარამდეა გაზრდილი. იგივე შემიძლია, გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით, 55 დოლარიდან დაახლოებით 80 დოლარამდეა. ალბათ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე, განსხვავებით გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდიდან, როდესაც საქართველოს გააჩნდა და კომპანიებს შეეძლოთ, იაფი რესურსის წყალობით უფრო მეტად შეემცირებინათ საწვავის ფასი მომხმარებლისთვის, თუმცა მათ შეინარჩუნეს ფასი და ამის გამო იყო ჩვენი გადაწყვეტილება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. თუმცა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ახლა პროცესები აბსოლუტურად განსხვავებულია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.

„ერთია, რა იწვევს ფასის გაძვირებას, ამ ეტაპზე ეს არის წმინდა საბაზრო ფაქტორები, რაც საქართველოში ხდება. თუ რაიმე იქნება არასაბაზრო ფაქტორების გავლენით, როგორც გასულ წელს, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ოქტომბრის თვეშიც შეიძლება, გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით. გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა გარკვეული პერიოდი ალბათ შეიძლება, ფასის კორექტირებას ისევ ველოდოთ ზრდის მიმართულებით. სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს, თუ ჩვენ დავინახავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას, როგორც ეს დავინახეთ გასული წლის აგვისტოში და შევაფასეთ 2022 წლის რვათვიანი პერიოდი, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.