ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებში ბიზნესის პოზიციას გააძლიერებს
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილება, რომლიც მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) ფუნქციის გამოყენების არეალი გაფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, საერთო სასამართლოების სისტემაშიც გავრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
„დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში, რომელიც გვანიჭებს უფლებამოსილებას, ჩავერთოთ საერთო სასამართლოებში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში და ჩვენი რეკომენდაციით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ასევე, პრეზენტაციაზე ლექვინაძემ 2018 წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და 2019 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
„2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება ბიზნესდავების ეფექტიანად გადასაწყვეტად მოქნილი სასამართლო სისტემა, საჯარო სექტორის საშუალო რგოლში ბიუროკრატია და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები “ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.