ირაკლი ლექვინაძე - პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი იყო სასამართლოსა და ბიუროკრატიის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარდგენილი იყო საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში მოქმედი ძირითადი ბიზნესის მიერ აღქმულ მოვლენებს ეყრდნობოდა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, კვლევა ძალიან კარგად აჩვენებდა იმ მიღწევებს, რომლებიც ბოლო პერიოდში იყო, ასევე პრობლემებს, რომელზეც მუშაობის გაძლიერებაა საჭირო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო გარკვეულ ხარვეზებზე სასამართლოსა და ბიუროკრატიის მიმართულებით, ასევე სავალუტო საკითხებზე.
“ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს, დავადგენთ ობიექტურ მიზეზებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. სასამართლოსთან მიმართებაში ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ორი საკითხი. პირველი – უკავშირდება გაჭიანურებულ დავებს, რაც ბიზნესისთვის არის გარკვეულწილად დანაკარგი და მეორე – ეს არის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც ბიზნესდავების განხილვას სჭირდება და რომელსაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, უფრო მეტი კომპეტენცია. ამიტომ ბიზნესს აქვს მოსაზრებები, გარკვეული ნაბიჯები აქვს გადადგმული თვითონ იუსტიციის საბჭოსაც და ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით იქნება ჩვენი ჩართულობა”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.