ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.
ლექვინაძის განცხადებით, მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.
„2019 წლის პირველ კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაგზავნილ რეკომენდაციებს შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.
„გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად სამი თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად – 5% და 10%-მდე შემცირდა.
ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“,- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათთან მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა – 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა – 14 განცხადებით.