ალექსანდრე ტაბატაძე - საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს
ალექსანდრე ტაბატაძე - საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

„Საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ყოველივე ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ხაზგასასმელია სამართალდამცავი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულ რეჟიმში აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. ასევე, აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მომხდარ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

მისი თქმით, იმას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ასევე დიდწილად ხელს უწყობს დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ანალიზზე დაფუძნებული მონაცემების მიხედვით, რაც ხელს უწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე მასზე დროულ რეაგირებას. ეს ყველაფერი მეტყველებს სამინისტროს თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და ვუთხრა, ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი ხელისუფლების იმედი. სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სფეროს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას დადგენილი კომპეტენციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის, ეფუძნება შესაბამის კვლევასა და ანალიზს და დასანანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მისი გამოყენება ისევ ხდება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, – აღნიშნა ტაბატაძემ.

მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაციამ (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპაში მეოთხე ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი.