გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დეიდაშვილი თეა გოგინავა არ იზიარებს მისი თვითმკვლელობის ვერსიას.
როგორც თეა გოგინავამ ჟურნალისტებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზნით გადავიდა ირაკლი კვარაცხელია გალში.
„რატომ იყო გადასული აფხაზეთში, არ მაქვს ინფორმაცია. ცნობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავი მოიკლა, გამოვრიცხავ. გალში არავინ გადავიდოდა იმისთვის, რომ თავი ჩამოეხჩო. ეს ვერსია არის ყოვლად მიუღებელი. თუკი რაიმე შელაპარაკება იყო, ამ შემთხვევაში, ის არ დაიხევდა უკან. არ იყო ის ტიპი, რომ ვინმესთვის რამე დაეთმო და ალბათ ამას მოყვა ყველაფერი. ჩვენ ნათესავი არ გვყავს იქით და არ ვიცი, რატომ უნდა გადასულიყო”, – განაცხადა გარდაცვლილის დეიდაშვილმა.
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.
გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.