ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადია და რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს
საქართველოს საბანკო სექტორი ისეთი მდგრადია, როგორც არასოდეს და რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს. პირიქით, თუ საჭირო გახდა, რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენა და ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი 4.5-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ვარდნაა მოსალოდნელი. თუმცა, მისივე თქმით, იმ ფუნდამენტური რეფორმების წყალობით, რაც ქვეყანამ გაატარა, სრულიად შესაძლებელია, რომ კრიზისის შემდეგ ეკონომიკის ზრდა სწრაფად აღდგეს. ამ კუთხით, კოვზანაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვან საყრდენს გამართული საბანკო სისტემაც წარმოადგენს.
„აქ ასევე ხაზგასასმელია ერთ მომენტი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის მდგრადი, როგორც არასდროს. მისი ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და კაპიტალიზაციის დონე ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. საქართველოს საბანკო სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში, შემიძლია, გითხრათ, არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, თანამედროვე სერვისების მიწოდების კუთხით. მე სხვადასხვა საბანკო სისტემაში ვმუშაობდი და შემიძლია, გითხრათ, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და მოწინავეა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პრობლემების და კრიზისების წინ, რომელიც საქართველოს ელოდება. საფინანსო სისტემის გამართულობა ერთ-ერთი პირველი საკითხია“, – განაცხადა კოვზანაძემ.
მისი მოსაზრებით, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, რომ დღის წესრიგში საბანკო სისტემის მიმართ რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგეს.
„არც ერთ შემთხვევაში. დღეს ეს მოცემულობა არ არის. არანაირი რეგულაციის გამკაცრება ცენტრალური ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების მიმართ არ არის. მე შემთხვევით არ მიხსენებია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული. ჩვენ ყველა არსებულ მოთხოვნას ვიცავთ. იქ არის ბაზელის კომიტეტის „ბაზელი 2“ და „ბაზელი 3“-ის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს საბანკო სექტორი იცავს. პირიქით, თუ საჭირო იქნება, ეს მოთხოვნები შეიძლება, შესუსტდეს კიდეც. ასეთი რეკომენდაციები გაცემულ იქნა 2008-2009 წლებში. შეიძლება, ახლაც ასე მოხდეს. ასეთ რეკომენდაციას გავცემთ ჩვენც და ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი, მათ შორის, სავალუტო ფონდი. თუ საჭირო გახდა, ეს რეგულაციები უნდა შესუსტდეს ასეთ დროს. ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობის ელემენტი მოაკლდებათ, მაგრამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.