ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა ფასების სტაბილურობისა და კურსის საკითხი მოსახლეობას აწუხებს
2019 წელი არ იყო მარტივი წელი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება კითხვები.
„რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ როგორც დღეს ჩანს, ის არ უნდა უფასურდებოდეს ასე სწრაფად და არც ასე სწრაფად უნდა ხდებოდეს გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაიხილავენ. ანგარიშს კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარადგენს.