ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სრული ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მათი სრული ინტეგრაცია განათლების სისტემაში და ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სათანადო ინფორმირება.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებისთვის. ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი და ბავშვების მშობლები. დღეს ვნახეთ ძალიან კარგი მაგალითი. კარგია, რომ იწყება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ცენტრის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელები გადაეცათ. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ. სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.