ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეების საკითხს
ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეების საკითხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე  პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობითაც გაიმართა შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად, დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. გარდა ამისა, თავადაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესაც უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება.

„რაც შეეხება პროცედურას, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, როგორც მოგეხსნებათ, კანონის დარღვევის პრობლემა არ იყო ამ პროცედურაში – თუ კანონი არ ირღვეოდა ამ შემთხვევაში, მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება.

რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, დაფიქსირდა პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა იუსტიციის საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში.

ჩემი მხრიდან პირადად, პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან, რა თქმა უნდა, გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას, ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.