ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საპატივცემულოდ, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა შვეიცარიის პარლამენტში, სადაც ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, პლენარულ სხდომას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი, მრავალმხრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება.
„საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ახალი კონსტიტუციის პირობებში, საქართველოს პარლამენტის როლი ძალზე გაზრდილია. შვეიცარია, რომელიც არის კონფედერაცია, პირდაპირი დემოკრატიის ერთგვარი ნიმუშია. საპარლამენტო ცხოვრებას და სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო ფრთას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სწორედ ხალხის რჩეულთა, ანუ ელექტორატის წარმომადგენელთა უშუალო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობისთვის. მინდა, გამოვყო, განსაკუთრებით, ასევე, მრავალმხრივი დიპლომატია და ტრადიციულად წარმატებული თანამშრომლობა ქართველ და შვეიცარიელ დეპუტატებს შორის ისეთ მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიც არის ეუთო, ევროპის საბჭო. მოგეხსენებათ, შვეიცარია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, არის შუამავალი ქვეყანა ჩვენს შორის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთთან ამ კონფლიქტის მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო პრინციპების ფარგლებში დარეგულირების საკითხი იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი თემა“,- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავით ჯალაღანიამ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, დომინიკ დე ბუმანთან და საქართველოსთან მეგობრობის საპარალამენტო ჯგუფის წევრებთან, სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კარლ ლორენცთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან, შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამდივნოს მეცნიერ-თანამშრომელთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, ფილიპე როესლესთან გამართავს.