ირაკლი კობახიძემ სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.
„დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ ჩვენი პატივი სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მას მიუძღვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში და ჩვენი მეგობრობის გაღრმავებაში და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამის გამო სენატორის მადლიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.