ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა - არაერთხელ მოგიწოდეთ, დაგესახელებინათ იუსტიციის საბჭოს კანდიდატები, რასაც არ აკეთებდით, კონსულტაციების იმიტაციით რეალურ განზრახვას ვერ გადაფარავთ
კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ იმას, რასაც ერთი წლის განმავლობაში აკეთებდით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან, უმრავლესობასთან მოლაპარაკებები გამართონ მათ მიერ შეთანხმებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, მათთვის მისაღები კანდიდატები დაესახელებინათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.
„არაერთხელ მოგიწოდეთ, დაგესახელებინათ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, რასაც შეგნებულად არ აკეთებდით. ასევე შეგახსენებთ, რა ხდებოდა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური კომპრომისი გამოვავლინეთ, ოპოზიციონერ პარლამენტის წევრს შევთავაზეთ ეს თანამდებობა, უფრო სწორად, დავეთანხმეთ ამ ინიციატივას, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვარ, ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებაში, მიუკერძოებლობაში არავის გეპარებოდათ ეჭვი, თუმცა, ამის მიუხედავად, არათუ მხარი არ დაუჭირეთ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, თავად ბატონმა ლევანმა აღნიშნა თავისი გამოსვლის დროს, რომ სამ ქალბატონ ოპოზიციონერ დეპუტატს იმის გამო აბულინგებდით, რომ იოსელიანისთვის მხარის დაჭერას გეგმავდნენ. ეს არის თქვენი მიდგომა.
თქვენი თვითმიზანია, არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვაა, დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენოთ იმისათვის, რისთვისაც გინდათ, გამოიყენოთ. ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ სურს. მოგიწოდებთ, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, ნუ გამოამჟღავნებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება არ გსურთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.