დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, უმრავლესობასთან მოლაპარაკებები გავმართოთ ჩვენ მიერ შეთანხმებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატზე
ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები გავმართოთ ჩვენ მიერ შეთანხმებულ ხუთ კანდიდატზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის მიდგომა მათი პიარული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„უმრავლესობა აპირებს, დღეს ჩაატაროს კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად ან ჩასაგდებად. დეკემბერშივე აპირებდნენ ამ საკითხის მოცილებას. მათ არ უნდათ, იუსტიციის საბჭოში აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი და მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც სასამართლო სისტემაში შექმნილ ჩაკეტილ კლანურ სისტემას გაარღვევენ. ამიტომ უარი თქვეს ჩვენ მიერ შეთავაზებულ შეთანხმების ყველაზე გონივრულ მოდელზე. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, ჩვენი შეთანხმებული და ხუთ ვაკანსიაზე შეჯერებული ხუთი კანდიდატით შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენ თავიანთი კანდიდატებით და გავმართოთ მოლაპარაკებები.
ვინაიდან არჩევას სჭირდება 90 ხმა, აუცილებელია უმრავლესობის და ოპოზიციის შეჯერება. ჩვენ ამისთვის ვიყავით და ვართ მზად. ხელისუფლებისგან გვესმის ულტიმატუმები, ჯერ ხუთი თვე არაფერს აკეთებდნენ და ხვალ საღამომდე მოგვიტანეთ კანდიდატებიო, ოღონდ რისთვის – ჩვენ არავის არაფერს გეტყვით, ჩავხედავთ, შეიძლება, ვინმე მოგვეწონოსო. ეს არ არის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომა, ეს მათი პიარული ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომაა. ჩვენ გვაქვს ორი თითქმის თანაბარმნიშვნელოვანი ინტერესი. პირველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემაში შევიდეს ხუთი თუ არა, რამდენიმე დამოუკიდებელი მაღალი რანგის პროფესიონალი, შევასრულოთ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რათა მართლმსაჯულების სისტემაში დაიწყოს ფუნდამენტური რეფორმები. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვისაც, გონივრული კომპრომისისთვისაც. ცხადია, ვერ ვიქნებით მზად, ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატები კრიტიკის საგანი გახადონ და არანაირი პირობა არ იყოს შეჯერებაზე. მზად ვართ, შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ვისაუბროთ ჩვენ მიერ გამოვლენილ ხუთ კანდიდატზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.