ირაკლი კობახიძემ ლევილში ნოე ჟორდანიას საფლავი ყვავილებით შეამკო
ირაკლი კობახიძემ ლევილში ნოე ჟორდანიას საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლევილის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა საფლავები ყვავილებით შეამკო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე ლევილის მამულში გაემგზავრა და საქართველოდან წასული პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლებს შეხვდა.

„ძალიან ემოციური დღეა, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ვიზიტის პროგრამაში, ფაქტობრივად, მთელი დღე მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, ჩამოვიდა ლევილში და პატივი მიაგო პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარის საფლავს. ლევილი არის სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობაში, რადგან ლევილში ჩამოვიდნენ ის პირველი ქართველები, რომლებიც საქართველოდან პოლიტიკურ ემიგრაციაში ჩამოვიდნენ, რომლის შთამომავლობაც ჩვენ ვართ და ამ ადამიანებმა აქ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. სიცოცხლის ბოლომდე ატარეს ის ჩირაღდანი, რომელიც მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობას ნიშნავდა. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ლევილში 70 წლის განმავლობაში ცოცხლობდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჩამოვიდა და დაინტერესდა ჩვენი პროექტებით, ეს არის ძალიან დასაფასებელი“, – განაცხადა ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა ირენ ციციშვილმა.

როგორც პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ქართულ დიასპორასთან კავშირი იყოს უწყვეტი და კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ყოველ ჯერზე ემოციურია ამ საზოგადოებასთან შეხვედრა, რომელიც ამდენი ხანი ქართულ გენეტიკას ინარჩუნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი იყოს უწყვეტი და კიდევ უფრო გაძლიერდეს. აქამდე მოტანილი განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან 100 წლის წინ, აქ წამოსულმა ქართველებმა შეინარჩუნეს და შთამომავლობით გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველი პარლამენტის შექმნიდან 100 წლის იუბილეა და ესეც სიმბოლური ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავს პარლამენტი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.