ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ჟურნალისტს მიმართა - თქვენ თუ ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა
თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა, მადლობა ამ მინიშნებისთვის, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ანსამბლ „მართვეს“ ბავშვებს შორის მისი შვილი.
მისი თქმით, ასეთი კითხვის დასმა სამარცხვინოა, რადგან ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი.
„რაც შეეხება „მართვეს“, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მე ინფორმაცია საიდან მქონდა, ეს მეორეხარისხოვანია, რატომ გაინტერესებთ, მე შეიძლება, ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო, მაგრამ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? აბა, რატომ კითხულობთ? თავიდან თქვით, რომ ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო, მერე გაასწორეთ. თუ ბევრი ასეთი შემთხვევაც არსებობს, მით უმეტეს, დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ამ კითხვას რომ სვამთ, ესეც სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი, რაც თქვენ გამოამჟღავნეთ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, ერთ-ერთი კოლეგის შვილზე, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ვიზა არ მისცეს.
„ერთ-ერთი იყო ჩვენი კოლეგის პარლამენტარის შვილი, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის შვილი, აბსოლუტურად გაუგებარია, ერთ-ერთი იყო კავშირში პოლიტიკასთან. ეს არის შარშან ზაფხულის ამბავი, ჩვეულებრივი ადამიანი, მისი შვილი მიდიოდა ამერიკაში და არ ჩაურტყეს ვიზა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხული იყო ამერიკის უნივერსიტეტში“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და უმჯობესია, თავად გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას.