ირაკლი კობახიძე - „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, როცა ჯგუფია, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები, საბოლოო ჯამში, 50 ბავშვი, მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა
ირაკლი კობახიძე - „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, როცა ჯგუფია, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები, საბოლოო ჯამში, 50 ბავშვი, მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და უმჯობესია, თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას.

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ადგილზე გამოკრული იყო ბილბორდები, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია, მარტივად ხდება ეს ყველაფერი, 2 კვირაში, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო გასტროლები და, საბოლოო ჯამში, უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა, სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია. ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მგონი, ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იმავე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა გავიდა 30 წელი და ამაზე, სამწუხაროდ, საუბარიც არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.