ირაკლი კობახიძე - ზედმიწევნით ვასრულებთ 12 რეკომენდაციას, საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება სტატუსის მისაღებად, თუმცა ევროკავშირის საქმეა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება
პარტია „ქართული ოოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ევროპელი კოლეგები და პარტნიორები სრულად იყვენ ინფორმირებული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით და ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე.
კობახიძის თქმით, საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა ევროკავშირის საქმეა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ვისაუბრებ, რა როლი შევიტანეთ ამ ყველაფერში. ასევე, ვისაუბრებთ ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები და პარტნიორები მთლიანად ინფორმირებული იყვნენ, რადგან ეს ინფორმაციები, საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გარშემო საბოლოო მოსაზრების ჩამოყალიბების, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭების საფუძველი. ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ. აქედან გამომდინარე, ქვეყანა და ხელისუფლება ყველანაირად დაიმსახურებენ კანდიდატის სტატუსს დეკემბერში. 50/50-ზე არის შანსი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენ 100 პროცენტით მზად ვიქნებოდით და ვიქნებით დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ ღირს. საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროკავშირის საქმეა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.