ირაკლი კობახიძე - ზაზა ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას, რომლის დახმარებითაც ბიზნესი დაიბრუნა
ზაზა ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ზაზა ოქუაშვილმა „ქართული ოცნების“ დახმარებით მოახერხა საკუთარი ბიზნესის დაბრუნება.
„მუდმივად გვესმის გაუგებარი ჩანაწერები ბატონი ოქუაშვილის მხრიდან გავრცელებული. როგორც ჩანს, ის ყველაფერს იწერდა. მას ჰქონია შეხვედრა, როგორც მან თქვა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ როგორც ჩანს, იქ ჩაწერა არ განუხორციელებია. უამრავი კითხვის ნიშანია. ჩვენ ვთქვით ყველაფერი ამ საქმესთან დაკავშირებით. ზაზა ოქუაშვილი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც „ქართული ოცნების“ დახმარებით მოახერხა საკუთარი ბიზნესის დაბრუნება, საკუთარი ტელევიზიის დაბრუნება. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად უანგაროდ. ჩვენ არ ვგავართ სხვა ხელისუფლებებს. ეს გაკეთდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და დღეს ეს ადამიანი, არ ვიცი ამას რა უნდა დაერქვას, აკეთებს ასეთ რამეს, სპეკულირებით, აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით. ორი აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანის ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ფაქტი ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის და შესაბამისად, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნება ამ კუთხით წარმოდგენილი.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ზაზა ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, რომელსაც ხელი შეუწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ .
კობახიძის თქმით, ლევან ყიფიანს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.
„ლევან ყიფიანს არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, შესაბამისად, ჩვენი ინტერესი არ არის ლევან ყიფიანთან საუბარი. მას არ აქვს არავითარი კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ფარცხალაძე ახსენეს ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ხელი შეუწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც წაართვა ზაზა ოქუაშვილს ბიზნესი და წაართვა ტელევიზია. ახლა არის შეკრული ოქუაშვილი ამ პოლიტიკურ ძალასთან და აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერებით, სადაც აბსოლუტურად გაუგებარია, რაზეა საუბარი და ვინ საუბრობს. ის ცდილობს ბრჭყალებში „ქართული ოცნების“ დისკრედიტირებას.
ბუნებრივია, ეს არის ის სპექტაკლი, რომელიც გვახსოვს მთელი ამ წლებიდან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს არის „რუსთავი 2“-ის ხელწერა, სიყალბე, სიცრეე, რამაც დაღუპა ეს პოლიტიკური ძალა 2012 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.