ირაკლი კობახიძე - ყველა თემაზე ჩვენ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებსა და განცხადებებს დავეყრდნობით, ცალკეული ანგარიშები ჩვენი სახელმძღვანელო ვერ გახდება
ირაკლი კობახიძე - ყველა თემაზე ჩვენ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებსა და განცხადებებს დავეყრდნობით, ცალკეული ანგარიშები ჩვენი სახელმძღვანელო ვერ გახდება

ყველა თემაზე ჩვენ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებსა და განცხადებებს დავეყრდნობით, ცალკეული ანგარიშები ჩვენი სახელმძღვანელო ვერ გახდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებს კარგად ესმით, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული სანქციები საქართველოსთვის.

„ჩვენთვის მთავარია, ევროკავშირის პოზიცია და სახელმძღვანელო სწორედ ეს პოზიცია გახდება. ყველას ძალიან ნათლად ვუხსნით იმას, თუ რა იყო კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი და ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული სანქციები საქართველოსთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების ოფიციალური პოზიცია და არა ცალკეული ანგარიშები, რომელსაც მათ შორის შეიძლება კონკრეტული „ენჯეო“ წერდეს. ოფიციალურ პოზიციას დავეყრდნობით. ჩვენ გვაქვს ნათელი პოზიციები ყველა თემაზე, იგივე სასამართლოზე და ა.შ. საქართველოში არის დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი და ეს დასტურდება მონაცემებით, მათ შორის სტატისტიკური მონაცემებით. მყარი არგუმენტები გვაქვს და თუ ვინმეს ინტერესი ექნება, რომ ეს არგუმენტები მოისმინოს, ამას გავაცნობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. „დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მის ავტორ(ებ)ს და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც პარლამენტის ოფიციალური პოზიცია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.