ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი, ასეთ პირობებში ეუთო/ოდირი სხვა რამეს თუ დაწერს, ფასი ვერ ექნება
ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი, ასეთ პირობებში ეუთო/ოდირი სხვა რამეს თუ დაწერს, ფასი ვერ ექნება

ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში ეუთო/ოდირმა როგორ უნდა დადოს დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო/ოდირი სხვა რამეს თუ დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება.

„რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო/ოდირი წინასწარ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. არ მგონია, რომ ეს პროგნოზი იყოს სწორი. იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დადოს დასკვნა არაკონკურენტული არჩევნების შესახებ, ელემენტარული ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ვიღაცებს არ ჰქონდათ ბილბორდების განთავსების საშუალება ან დაუბლოკეს რეგისტრაცია, საერთო გარემო არ იყო კონკურენტული. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა იყოს. დღეს ყველა ხედავთ, რომ რეგისტრირებულია უამრავი პარტია. ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაციის შეუფერხებლად წარმოება – სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო/ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე ან, იგივე, როდესაც საუბარია თავისუფალ არჩევნებზე, რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს? ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები საქართველოში, როგორია საარჩევნო გარემო. ხელმოსაჭიდი როცა არაფერია, რა უნდა დაწეროს ეუთო/ოდირმა? ამიტომ, რუსეთის დაზვერვის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმებოდი. ასეთი საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო/ოდირი სხვა რამეს თუ დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება. ამ არჩევნების მთავარი შემფასებელი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი. ეს არის ჩვენთვის მთავარი “, – განაცხადა პრემიერმა.