ირაკლი კობახიძე - ყველა პარამეტრით როდესაც უსწრებ უკრაინას, მოლდოვას, განსხვავებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გამართლება სჭირდება, ერთი გამართლება არის ომი, მეორე იყო გეოგრაფია, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით
ყველა პარამეტრით როდესაც წინ უსწრებ უკრაინას და მოლდოვას, ასეთ დროს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური გამართლება სჭირდება. ერთი გამართლება არის ომი, მეორე გამართლება იყო გეოგრაფია, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი ფაქტორია პოლიტიკური გამართლება იმისა, თუ რატომ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით.
„ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც ყველა პარამეტრით წინ უსწრებ ორივე კონკურენტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, კონკურენტი პირობითად – უკრაინას და მოლდოვას, ასეთ დროს რაღაც პოლიტიკური გამართლება სჭირდება განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. ერთი გამართლება არის ომი, რაც ასევე დღეს ახსენა მაკრონმა. მაკრონმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო მზად კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ამას აკეთებენ იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. ეს არის მაკრონის განცხადების ციტატა. მეორე გამართლება იყო გეოგრაფია, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. ეს ორი ფაქტორია ერთადერთი, რამაც შეიძლება, გაამართლოს ეს გადაწყვეტილება, რადგან ყველამ ვიცით, რომ საქართველო ყველა პარამეტრით სათითაოდ წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. ეს არის პოლიტიკური გამართლება იმისა, თუ რატომ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.