გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელებს რეფორმებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ყველა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიისთვის ჩვენ პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ. საქართველო არის სახელმწიფო, მას ყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელმაც იცის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ფასი. ყველა ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯი მომავალშიც ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დანიელსონმა დღეს მხარეებს წარუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკვე მრავალგზის აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ვხედავთ, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა საკითხზე. ეს არის საარჩევნო რეფორმა, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ამაში შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირება, საკრებულოში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისობრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება. სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის რვა წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10 პროცენტის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა, საარჩევნო უბნების გარშემო ასმეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს.
„შემდეგი საკითხი ეს არის სასამართლო რეფორმა. დანიელსონის დოკუმენტი ასახავდა „ქართული ოცნების“ შემდეგ შეთავაზებებს ამ მიმართულებით. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე „ქართული ოცნება“ იღებდა პასუხიმგებლობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს კანონი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და ჩვენ მას მივიღებთ საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც. „ქართული ოცნება“ ასევე იღებდა პასუხიმგებლობას პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე, ამაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შეთავაზების თანახმად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლა, დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა და გატარება.
„ამასაც ჩვენ გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით ამისთვის არ გვჭირდება არავითარი ხელმოწერა და შეთანხმება ოპოზიციასთან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამასთან, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაული.
„ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით რაშიც ნიკანორ მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერაფრით გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა. შესაბამისად, ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას ვეღარ შეუქმნის სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობას, თუმცა ამ შეთავაზებაზეც თქვა უარი ოპოზიციამ. ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი კომპრომისული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც გახდა უარყოფის საგანი ოპოზიციის მხრიდან ანუ არც ერთ კომპრომისზე ისინი არ მოდიოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტის ბოლო პუნქტი ეხებოდა ე.წ. ფაუერ შერინგს, ანუ ოპოზიციის აღჭურვას ქმედითი პოლიტიკური ბვერკეტებით, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტრუმენტები იქნა შეთავაზებული.
„შევთავაზეთ სხვადასხვა ინსტრუმენტის განხილვა, მათ შორის ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის შვიდიდან ოთხამდე შემცირება, რაც ხუთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ფრაქციების შექმნისა და შესაბამისი ბერკეტებით სარგებლობის შესაძლებლობას მიანიჭებდა. როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა პირობების ძალზე ფართო პაკეტი, ამ ყველაფრის სანაცვლოდ ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა, მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყო პარლამენტში, ეს იყო ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა შეესრულებინა რადიკალურ ოპოზიციას, ამდენი პირობის სანაცვლოდ. თუმცა ოპოზიციამ უარი უთხრა შეთანხმებაზე, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რადიკალური ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო. საბოლოოდ ამგვარი მოქმედებებიც სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ზიანს მიაყენებენ არა ქართულ დემოკრატიას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს მოლაპარაკებების პროცესში მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.
„მადლობა პრეზიდენტ შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მხარდაჭერისთვის და ასევე გაწეული ძალისხმევისთვის. ამ ძალისხმევას აფასებს ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება და ამ ძალისხმევას აფასებს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.