ირაკლი კობახიძე - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია სათანადოდ განახლდეს
პარტია “ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მოზიდვა მიმდინარე წლიდან მაქსიმალურად აქტიურად წარიმართება, რადგან ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახალი კადრების შერჩევის პროცესი არის არსებითად პოლიტიკური და გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ჭრილში მიიღება.
„გუნდის განახლება და ახალი სახეების შერჩევა ჩვენი ამოცანაა. გუნდის განახლებაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაუბრუნა პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, ასევე მოგვიანებითაც არაერთხელ უსაუბრია ამაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე. ზოგადად, შერჩევის პროცესში შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. რაც შეეხება კერძო კომპანიას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესი თავისი შინაარსით არსებითად პოლიტიკურია და გადაწყვეტილებებიც სწორედ ასეთი შინაარსით მიიღება.ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტია სათანადოდ განახლდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.