ირაკლი კობახიძე - ყველა დონის ვიზიტისას სტატუსის არმონიჭების შესახებ გადაწყვეტილებაზე სინანულით საუბრობენ, შეცვლილია პოზიცია დეკემბერთან დაკავშირებითაც, რაც ზრდის სტატუსის მონიჭების შანსებს
ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება 50/50-ზეა, ან მოგანიჭებენ, ან არა, ბევრ რისკთანაა დაკავშირებული სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
კობახიძის თქმით, ეს რომ იყოს ტექნიკური, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, იქ შესაძლებელია დეტალებში შესვლა.
„შანსი, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, 50/50-ზეა. ეს დასკვნა ეფუძნება მარტივ ლოგიკას. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე. ეს რომ იყოს ტექნიკური, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, იქ შეგვიძლია, დეტალებში შევიდეთ. მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ან მოგანიჭებენ, ან არა. ეს არის 50/50-ზე. ბევრ რისკთან არის დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, „რომელი ქვეყნები არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის სტატუსის მიცემას“, კობახიძემ აღნიშნა:
„რაც შეეხება სკეპტიკოსებს, არიან ქვეყნები და არ მინდა, დავაზუსტო, რათა უხერხულობები არ შეიქმნას, მაგრამ ყველა ქვეყანასთან, ბუნებრივია, აქტიურად ვმუშაობთ. გერმანიას და საფრანგეთს, ბუნებრივია, განსაკუთრებული სიტყვა ეთქმით ევროკავშირში, ესენი არიან გამორჩეულად დიდი ქვეყნები შესაბამისი პოლიტიკური წონით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან მუშაობას. ამისთვის შედგა ბოლო პერიოდში პრემიერის ვიზიტი კანცლერ ოლაფ შოლცთან. პრინციპში, ყველა დონეზე, საპარლამენტო ვიზიტების, აღმასრულებელი ხელისუფლების ვიზიტების დროს ჩანს ერთი ის, რომ შარშანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც შეცვლილია პოზიცია და ბევრი სინანულით საუბრობს, რომ შარშან ივლისში არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, შეცვლილია პოზიცია ამ წლის დეკემბერთან დაკავშირებითაც, რაც ზრდის შანსებს, მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დაველოდოთ დეკემბერს. დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ გაკეთდება, რათა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მათ შორის მაქსიმალურად იქნება ჩართული პოლიტიკური, საპარლამენტო დიპლომატია ამ შედეგის მისაღებად. ვნახოთ, იმედია, დეკემბერში იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.