ირაკლი კობახიძე - ყველა არჩევნების წინ მიჩვეული ვართ ერთსა და იმავე ბრალდებებს, რომელსაც საფუძველი არ აქვს
ყველა არჩევნების წინ მიჩვეული ვართ ერთსა და იმავე ბრალდებებს, რომელსაც საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებზე.
ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მოუწოდებს, კონკრეტული ფაქტი დაასახელონ.
„ყველა არჩევნების წინ მიჩვეული ვართ, ერთი და იმავე სცენარი მეორდება. საუბარია ერთსა და იმავე ბრალდებებზე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. რამე ფაქტი დაასახელონ. რაც შეეხება იმას, კრიმინალები არიან, ძველი ბიჭები, შავები თუ რაც ჰქვიათ, ვის აქვს მათთან მთაწმინდაზე კავშირი, შეგიძლიათ, მოიკითხოთ, მინიშნების მიხედვით თავად მიხვდებით. დანარჩენი არის სპეკულაციები და საუბარი არ ღირს. ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ ძალას აქვს კავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ „ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას“.