გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს
გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს

„ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს, – განაცხადა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც დღეს ელენე ხოშტარიასთან ერთად ბრიფინგი გამართა. პარტიის წარმომადგენლებმა მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოქროყანაში სამი წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია, მის გათავისუფლებას პირდებიან და ლადო კახაძის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას ითხოვენ. ბოკერიას თქმით, ოქროყანაში „ქართული ოცნების“ სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად „კალაბოკა“.

ბოკერიას თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას.

„არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და გააფრთხილეს, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში“, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მოუწოდებს შსს-სა და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარ ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

გიგა ბოკერიამ მიმართა ამომრჩეველს, რომ ზეწოლის, მუქარისა და დაშინების ერთადერთი წამალი არის არჩევნებზე მისვლა და თითოეული მოქალაქის მხრიდან საარჩევნო ყუთთან ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა და ნების დაფიქსირება.