ირაკლი კობახიძე - ყოველ ჯერზე ვიღაც თუ ეცდება, ევროინტეგრაციის პროცესის თითოეული საფეხური გამოიყენოს ხალხის და ხელისუფლების შანტაჟისთვის, ეს არ არის ღირსეული, ევროპული საქციელი
შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნით აბსოლუტურად უადგილო, უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, მაგრამ მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დღემდე გახსნილი არ არის.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მრავალსაფეხურიანი პროცესია და მოლაპარაკებების არგახსნით შანტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია.
„ზოგადად, ევროკავშირში ინტეგრაცია ბევრი საფეხურისგან შედგება. მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, მაგრამ დღემდე, ფაქტობრივად, მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებები გახსნილი არ არის. მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტაცია მოლდოვასა და უკრაინას ჯერ არ გადასცემია. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, მაგრამ რეალურად არ არის გახსნილი მოლაპარაკებები. არის უამრავი საფეხური, რომლისგანაც შედგება ევროინტეგრაციის პროცესი. ყოველ ჯერზე ვიღაც თუ ეცდება, თითოეული ეს საფეხური გამოიყენოს ხალხის და ხელისუფლების მიმართ შანტაჟისთვის, ეს არ არის ღირსეული საქციელი, ეს არ არის ევროპული საქციელი. ჩვენ ეს გამოვიარეთ უკვე 2022 წლის ივნისში, როდესაც ქვეყანას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსზე. ხომ არავითარი დასაბუთება არ მოგვისმენია დღემდე ამასთან დაკავშირებით. რეალურად მოხდა რა – „გლობალურმა ომის პარტიამ“ გავლენა იქონია მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებაზე და სცადეს, ეს გამოეყენებინათ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად. მაშინ ეს NGO-ები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა სწორედ ამ უსამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს გამოვლილი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი 2022 წელს, მაგრამ მიენიჭა 2023 წელს.
„აქ ეს შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნით არის აბსოლუტურად უადგილო და უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ყოველ ჯერზე – კანდიდატის სტატუსს არ მოგცემ, შანტაჟია. რატომ ეთამაშებიან ასე ქართველ ხალხს? არასწორია. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას. როდესაც 2022 წლის ივნისში არ მოგვენიჭა სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეს იყო სწორედ ასეთი უღირსი თამაში. ხომ არ მოგისმენიათ არავითარი დასაბუთება, რატომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ქართული ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2022 წლის ივნისში არავითარი რეკომენდაციების შესრულებაზე საუბარი არ ყოფილა.
„უბრალოდ, უხეშად გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნების დაყენების გარეშე. ეს არის უხეში და უღირსი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.