ირაკლი კობახიძე - წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ კონკრეტული არასამთავრობოებისგან, დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, ძირითადად ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი ასევე შეეხო წინასაარჩევნო პროცესში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს.
„ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, არავის მოგვწონს კამპანიის შინაარსი. კამპანია ოპონენტების მხრიდან არის აგებული შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, აგრესიულ
განცხადებებზე, პროვოკაციებზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ასევე, გავამახვილეთ ყურადღება მედიის მხრიდან გაშუქებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე. მოვისმინეთ შეკითხვები, გავეცით პასუხი შეკითხვებს. გვქონდა საინტერესო დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
„არის მხოლოდ და მხოლოდ წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები არის დაკავშირებული პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან. ყველა არასამთავრობო უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი უნდა იყვნენ ორგანიზაციები, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. შემიძლია გავიხსენო ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც იყო აბსოლუტურად ბოლშევიკური. იქ იყო საუბარი ადამიანების განდევნაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვდით არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას, თუმცა ეს რეაქცია დღემდე ვერ ვნახეთ, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ენ-დი-აის“ წარმომადგენლები დღეს ასევე შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. მოგვიანებით კი „გირჩისა“ და „შენების მოძრაობის“ წევრებს შეხვდებიან.