ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა ქვეყანას, ბუნებრივია, მათ სახელმწიფო ღალატის მუხლის მიმართ შიში ექნებოდათ
გარეჯის თემაზე გამოძიება გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარეჯის საქმე მგრძნობიარე თემას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს.
„წინა ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა ქვეყანას და, ბუნებრივია, მათ ამ მუხლის მიმართ ექნებოდათ შიში. გარეჯი არის მნიშვნელოვანი საქმე, მგრძნობიარე თემას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. უნდა გავიგოთ, რა ინტერესი იდგა იმ ნაბიჯების წინ.
გარდა იმ სისხლის სამართლებრივი საქმისა, რაც ახლა განიხილება, სხვა საქმეებსაც გავიხსენებ.
წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რაც იყო დანაშაული და სწორედ ამ საზღვრების აღდგენაც და იქ მეორე არჩევნების ჩატარება იყო პირდაპირი დანაშაული, ამან ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, განეხორციელებინა ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია. ეს იყო პოლიტიკური დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს გარეჯის თემაზე და გაგრძელდება. თვითონ მუხლებში, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, საინტერესო დეტალია.
ეს არის შიში, მათ ექნებოდათ შიში, რადგან სახელმწიფო ღალატს ისინი ჩადიოდნენ ყოველდღიურ რეჟიმში. ამ სახელმწიფო ღალატის შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სტრატეგიული, ეკონომიკური ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ამ რეგიონში ვართ, ვანო მერაბიშვილის რაიონია და მას ეკუთვნის სიტყვები, ფულს სუნი არ ქონდაო. ეს იყო პასუხი, როცა კითხეს, საინვესტიციო ობიექტებს აძლევდნენ რუსებს. ვინ იყო რუსეთთან დალაგებული და ვინ ღალატობდა სახელმწიფოს, ამ ყველაფრიდან ნათელია. მათ, ბუნებრივია, ჰქონდათ შიში ამ მუხლის მიმართ. მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად გამოიძიონ“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთში.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით კომისიის დონეზე ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების შემდეგ, „როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წელს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა“.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. სალომე სამადაშვილი განმარტავს, რომ რეალურად კოდექსიდან ამოღებული იქნა 307 – კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც სხვა მუხლებშია გაწერილი.
შესაბამისად, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერსების ღალატად, ძალაში დარჩა.