სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაუქმდა სახელმწიფოს ღალატის შესახებ კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში
სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაუქმდა სახელმწიფოს ღალატის შესახებ კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია შესული.

საქმე ეხება მდინარაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტმა 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლი მას შემდეგ გააუქმა, რაც ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა“.

სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. სამადაშვილი განმარტავს, რომ რეალურად კოდექსიდან ამოღებული იქნა 307 – კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც სხვა მუხლებშია გაწერილი.

შესაბამისად, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერსების ღალატად, ძალაში დარჩა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვამხილო „ქართული ოცნება“ სიცრუეში და აგიხსნათ, დაკავებული კარტოგრაფების საქმეზე როგორ კრიზისში და ჩიხშია „ქართული ოცნება“. თქვენ მოისმინეთ მამუკა მდინარაძის სრულიად ურცხვი და ტყუილი განცხადება, თითქოს „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მაშინ, როდესაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მუხლებზე, გაუქმებული იქნა მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ.

ეს იყო კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა სხვა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერსების ღალატად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა დარჩა ძალაში, უბრალოდ კრეფსითი მუხლი 307, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში, იყო ამოღებული.

ანუ, სიცრუეა, რომ რამე დანაშაული გაუქმდა და აღარ ითვლება დანაშაულად ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც განხორციელებული იყო. ეს იყო ტექნიკური ცვლილება, რათა უფრო გამართული ყოფილიყო ჩვენი სამართლებრივი ბაზა. რატომ იტყუება „ქართული ოცნება“? მიტომ, რომ როდესაც ტალახში ჩაჯდები, რაც უფრო მეტად აწვები გაზსს, უფრო ღრმად ჯდები ტალახში. აი, ასეთ ვთარებაშია „ქართული ოცნება“, რომელმაც სრულად უკანონოდ დააპატიმრა ორი უდანაშაულო ადამიანი, რადგან გადაწყვიტა,  გამოეყენებინა რაღაცა პოლიტიური საქმის შესაკერად. ეს ჩაუვარდა, რადგან მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რეალურად არაფერი საერთო არ აქვს ამ რუკების საკითხს, ამ ყბადაღებული გარეჯის თემასთან, რომელიც პოლიტიკურად უნდოდა, რომ გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“. ახლა, როდესაც ხედავენ, რომ ფაქტობრივად კონსესუსია შემდგარი, რომ „ქართული ოცნება“ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ეწევა, პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრა ორი ხანში შესული ექსპერტი, ესენი აგრძელებენ ურცხვ ტყუილებს, უფრო ღრმად ჩადიან ტალახში და სიბინძურეში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გარეჯის საქმეზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ და საქმე დახურონ.

„მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ეს საქამე წამოიწყეს „ქართული ოცნების“ გამორჩეულად ყეყეჩი წარომადგენლის, ბატონი ირაკლი ღარიბაშილის მიერ ჩაწოდებული იდეით, სანამ დრო აქვთ, სჯობს, ეს ხალხი, ვინც დააპატიმრეს, გათავისუფლონ, საქმე დახურონ და მოძებნონ რამე გზა, რომ გამოვიდნენ ღირსეულად ამ სამარცხვინო საქმეში, რომელშიც გაებნენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ არაფერი უშველის, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც უდანაშაულო ადამიანები ჩაყარა ციხეში. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა, გავაჟღეროთ მოწოდება – გაათავისუფლეთ ციხიდან უდანაშაულო ადამიანები, ბატონი ივერი და ქალბატონი ნატალია და შეწყვიტეთ ეს სამაცხვინო საქმე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით კომისიის დონეზე ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების შემდეგ, „როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წელს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა“.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დატოვე კომენტარი