ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება
ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრევენციულ ზომებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, მზად არის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

„რამდენადაც ვიცი, შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტი მზად არის, თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემების და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ, ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.