ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არასერიოზული თემაა, ევროკავშირმა რატომ შეიძლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი
ევროკავშირმა რატომ შეიძლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თემა არასერიოზულია.
„ორი დღის წინ თქვენმა კოლეგამ თქვენი ტელევიზიიდან აღნიშნა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია – რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული თემა – რუსეთის ინტერესებში იქნებაო. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება, მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება, ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი – 10-ჯერ მეტად არასერიოზული. ამიტომ, მგონი, სჯობს, სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.